ნიკოს

ვინც არ იცნობთ, მამაჩემი ერთ-ერთი არაჩვეულებრივ ადამიანთაგანია, რომელმაც ჩემი ცხოვრება ჯერ შექმნა და შემდეგ გაალამაზა. ამის არდანახვა უბრალოდ არ შეიძლება. ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი ნიკოზე, მაგრამ დაწერის მეშინია, მეშინია სიტყვების, მგონია, ჩემს სათქმელს ბოლომდე ვერ გადმოსცემენ. მე მაინც ვეცდები, გავეთამაშები ცოტას და ვნახოთ რა გამოვა.
ნიკო ბედნიერი ადამიანია, ბავშვობიდან იცოდა, რა უნდოდა, როგორ გზას აირჩევდა, ბავშვების ექიმობა მარტივი საქმე არ გეგონოთ, ბევრი ნერვები ენერგია, ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, ბევრ რამეზე უარის თქმაც არაა უცხო. ნიკოსგან განსხვავებით მე ბევრი რამე მინდოდა, ჯერ ექიმობა, მერე ადვოკატობა, მერე ფსიქოლოგობა და ასე ამოვყავი თავი ბიზნესის ფაკულტეტზე …
უზომოდ კეთილი ადამიანია, ვგიჟდები, როგორ ლაპარაკობენ ხოლმე მასზე, ყველა პატივს სცემს და ეს მაფიქრებს იმას, რომ სწორედ ამისთვის ღირს ცხოვრება და მეტი არც არაფერია საჭირო. მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა ადამიანებში მხოლოდ დადებითის დანახვა.
როგორც მამა, ნიკო მარტო მამა არ არის ჩემთვის და არც ისაა გასაკვირი რატომ ვეძახი ნიკოს და არა მამას. სახლში ყველა სახელით მიმართავდა და მეც ჩემებური ბავშვური ახირება გამიჩნდა, მე რაღა ვარ, მეც ნიკო უნდა დავუძახო მეთქი, თავიდან არ ესიამოვნა მაგრამ როცა მიხვდა, დანებებას არ ვაპირებდი, შემდეგი შემომთავაზა, ერთი დღე ნიკო ვიქნები მეორე მამაო. ხოდა ერთხელაც, მამის დღე იყო, მახსოვს სოფელში ვართ, ვიღაცას ელაპარაკება გამწარებული, მეც რაღაც მომინდა, ვეძახი: „მამა! მამა!“ ცოცხალი თავით არ მპასუხობს, ხოდა მეც ჩემი ვცადე და ნიკოზე უკვე მოიხედა, ასე შერჩა დღემდე ნიკო…
როგორც მოგეხსენებათ, ნიკოს ღრმად პატივცემული ღიპი ამშვენებს, ამაშიც არის რაღაც დადებითი, ბავშვობაში, როცა დედა მეჩხუბებოდა ჩემი რკინის არგუმენტი ყოველთვის მზად მქონდა: „შენ რა გინდა, რატომ მედავები, მე მაინც ნიკომ გამაჩინა!“
ბავშვობიდან ყველაზე ახლოს ნიკოსთან ვარ, ადრე ჩვენი საერთო ენაც კი გვქონდა, კაცმა არ იცოდა ერთმანეთს რას ვეუბნებოდით, მაგრამ ჩვენ გვესმოდა. ეს ალბათ შემთხვევითი არცაა. პატარაობიდანვე ზრუნავდა ნიკო ჩემს განათლებაზე, ზღაპრებს მიკითხავდა ხოლმე თავისებური ინტერპრეტაციით, ერთერთი მათგანი არის ჩემი უსაყვარლესი ბურატინო. თან მიყვებოდა რუსულ-ქართულად, ასე ზრუნავდა ჩემს განათლებაზე. ყველაზე ძვირფასი მომენტი იყო, ის თუ როგორ თლიდა პაპა კარლო ხის მორისგან ბურატინოს, ნაჯახის თითოეულ დარტყმაზე როგორ ყვიროდა მორი (მაპატიეთ მსუბუქი უხამსობისთვის): „жепа болит“. დედაჩემი ამაზე ბრაზდებოდა, ბავშვს რეებს ასწავლიო. ნიკოს პასუხიც მზად ქონდა: „ასე ყვიროდა ბურატინო, რა ჩემი ბრალიაო“. დედა ჩხუბობდა, ჩვენ ვხარხარებდით. ასე სიცილ-ხარხარში გადავიტანეთ მე და ნიკომ ჩემი ბავშობა, რისთვისაც არ ვიცი მადლობა რანაირად გადავუხადო. თამამად შემიძლია ვთქვა, ნიკო ჩემი პატარაობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია
ნიკოს განათლების სისტემა არ შეცვლილა ჩემი სკოლის პერიოდშიც კი, რამდენიც არ უნდა მოვსულიყავი სკოლიდან და მეთქვა, ნიკო დღეს მე ორი 10-იანი მივიღე მეთქი, ნიკოც არ აყოვნებდა: „დებილი ხარ, შვილო, რა უნდა გელაპარაკო“.
დაწყებით კლასებში ნიკოს დავყავდი სკოლაში და სკოლიდან სახლში. უკან მომავლებს „გენიალური თამაში“ გვქონდა მოფიქრებული. თვალებს მახუჭინებდა და ისე მოვყავდი, გზაზე არც ერთი ამოთხრილი ორმო, გაბზარული ასფალტი თუ სხვა დაგდებული ძვირფასეულობა არ მქონდა გამოტოვებული. აღსანიშნავია ზამთრის პერიოდიც, გარეთ ყველაფერი თოვლითაა დაფარული, დავაყენებდი ხოლმე და ვესროდით ერთმანეთს გუნდებს. სახლში სულ სველები მივდიოდით, ჩვენი მისვლა დედაჩემის მაღალი ხმის ტემბრის წყალობით მთელს კორპუსს ესმოდა. რას ჩხუბობდაა: „ამ წუთას მოვრჩი სახლის დალაგებას და მაგ ფეხებით არ შემოხვიდეთ!“ „აბა სხვა ფეხები არ გვაქვს და რა ვქნათ?“ ჩემი პასუხი…
მთლად ასეთი მხიარულიც არ გეგონოთ ბატონი ნიკოლოზი, მე-5 კლასში, იმ შავბ-ნელ 90-იანებში სანთლის შუქზე „დედა ისტორიას“ ვსწავლობდით. ჩემი თვალების გამო ნიკო მეჯდა და მიკითხავდა, მე ვუსმენდი. დავით აღმაშენებელი, დიადი მეფე, მამაცი, ძლიერი, ღვთისმოშიში, როგორც იქნა დავასაფლავეთ და მისი მიღწევების მოკლე შინაარსსაც მივადექით. ნიკო ამ ყველაფერს მთელი გრძნობით კითხულობს. უცებ ხმა გაებზარა, აუკანკალდა და ბოლოს საერთოდ ჩაუწყდა. შევხედე, ტირის! უუხ, რაც მე მაშინ ვიცინეე …. რა გაცინებს, შენ რა იცი რა დიდებული კაცი იყოო… მის მერე ცრემლი არც დამინახავს მის თვალზე, ვითომ ამით შემოიფარგლება მისი გულჩვილობა? არ ვიცი, არ ვიცი… მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, ამ კაცში უფრო მეტი გრძნობა, სევდა, ემოცია და უთქმელი სიტყვებია ვიდრე გამოხატავს, სახეზე ეტყობა, დამერწმუნეთ! იმდენად გულჩვილია, კაი ხანს ვერ ვიმეტებდი, ჟანა ფრისკეს სიმსივნის ამბავს არ ვეუბნებოდი… უყვარდა და ვიფიქრე, არ ინერვიულოს მეთქი…
მამაჩემი ტექნიკის ღმერთია, დღემდე არ დამავიწყდება ჩემი შეკეთებული კაი ხნის მიგდებული ფანარი, ვუჩხიკინე და ბოლოს როგორც იქნა ავანთე. ცოტა ხანში ნიკო მიადგა, შენ რას გააკეთებდიო, დაშალა და ვეღარც ააწყო, „დედა აქვს ნატირები“ ასე აღმოჩნდა ჩემი ფანარი ნაგვის ყუთში.
ნიკოლოზი სახლში მთავარი გურმანია, სამზარეულოს მბრძანებელი. თითქმის ყველაფერი უყვარს და თანაც იმდენად, რომ შედეგებზე არც ფიქრობს. ნიკოლოზი სისუფთავის კაცია. ერთხელ 80 ლიტრიან კასრში გარეცხა გაპუტული, მოსახარშად გამზადებული ქათამი. სადარბაზოს არც მაშინ გაჰკვირვებია დედაჩემის ვოკალური შესაძლებლობების.
ერთი სიტყვით, მამაჩემი ძვირფასი, იშვიათი ქვის მედლისგანაა დამზადებული, მედლის ორივე მხრით. ამდენი რომ არ ვაქო, მის უარყოფითსაც ვერ დავმალავ არ შემიძლია, რაც ასაკში შედის, ნელ-ნელა დედას ემსგავსება, რასაც მთელი არსებით განვიცდი… ნუ მარცხვენ, ნიკოლოზ!
თამამად შემიძლია ვთქვა, ნიკოს ჩემზე იმხელა ენერგია, დრო, შესაძლებლობები აქვს დახარჯული, რომ არა ის, მე დღეს არაფერიც არ ვიქნებოდი. ნიკო ჩემთვის იმის უდავო მაგალითია, რომ მთავარია შვილებს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმო. ყოველთვის პირველ ადგილზე მე ვიყავი და დღემდე თითქმის გაუგებარია, როგორ შეიძლება მშობლებმა შვილებისთვის ამდენი რამე გაიღონ. ამხელა სიყვარული და ზრუნვა რომ არ დაინახო, ბრმა უნდა იყო და მეტი არაფერი.
მისგან ალბათ დამოუკიდებლად, ნიკომ ისიც მასწავლა, რას ნიშნავს ადამიანებში დადებითის დანახვა, რომ აუცილებელია ყველას დაეხმარო, რათა მათგან პატივისცემა და აღიარება მოიპოვო. ამაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ალბათ არაფერიც არ არის. რას ნიშნავს, იყო უბრალოდ კეთილი, თბილი და ოხუნჯი ადამიანი. გავთამამდები და ვიტყვი, რომ რაღაცით მაინც ვგავარ. ბავშვობაში ნიკოს მეძახდნენ და გასაკვირი არცაა.
დღეს მისი დაბადების დღეა, მთელი გულით ვულოცავ. მრავალს დაესწარი, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ. ერთადერთი ადამიანი ხარ, რომლითაც დღემდე ყველაზე მეტად ვამაყობ!

09.06.2014

ზამთრის მოგონებები

წელიწადის ამ დროს ყოველთვის განსაკუთრებულად ბედნიერი ვხვდები ხოლმე; მიყვარს ზამთარიც, დეკემბერიც, ჩემი დაბადების დღეც და ახალი წლის მოახლეობასაც დიდი ემოციებით ველოდები. როგორც მოგეხსენებათ, ბნელით მოსილი 90-იანების შვილი ვარ და შესაბამისად ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პერიოდთან. ზამთარი ყოველთვის მყუდრო, თბილი და დათოვლილი მახსოვს. სოფელში დილით გაღვიძება მიყვარდა, ველოდებოდი, როდის აგიზგიზდებოდა საბოლოოდ ღუმელი, ვიწექი და ვუსმენდი შეშის ტკაცუნს, თანაც მისტიური სიმყუდროვის სუნით ვტკბებოდი. ყოველ დილით დედაჩემი ღუმელში გახუხულ კარაქიან-ყველიან პურებს მახევდრებდა, დღეს რომ ტოსტერი ჰქვია, ზუსტად ისეთებს… ფიქრებმა უკან წამიღეს…
ახლა ვხვდები, რა ბედნიერი ვყოფილვარ ბავშვობაში, ჩემ ირგვლივ რამდენი კეთილი, თბილი, უდავოდ ჭკვიანი და ცხოვრებისგან მოტეხილ-დაჩაგრული ადამიანი არსებობდა. დროის მსვლელობამ კი თავისი კვალი დატოვა, მახსოვს დედაჩემის დედა, ადამიანი რომელიც სოფლში საცხოვრებლად ნამდვილად ცოდვა იყო, უზომოდ განათლებული, ნაკითხი, მზრუნველი, მხიარული და ამავე დროს სევდიანი ქალი იყო. ჩემი არნახული სიჯიუტის გამო ძელქვას მეძახდა… რამდენჯერაც არ უნდა მეთხოვა, ყოველთვის დაუზარელად მიყვებოდა უამრავ ზღაპარსა თუ თავის შილდაში გატარებული ბავშვობის ამბებს. მასწავლიდა უზომოდ ბევრ რამეს, მათ შორის, როგორც დედა, ისიც ცდილობდა, ჩემში საქართველოს სიყვარული ჩაესახა ამიტომ მაზიარა უამრავ ქართულ ლექსს, მოთხრობასა თუ გამოჩენილ პიროვნებას… მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ პირველად ვიგრძენი გულში დიდი სიცარიელე, ხმაურიანი სიჩუმე, მაშინ გავაცნობიერე, რომ მომავალი აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა ხდება წარმოუდგენელი. როცა კარგავ ბავშვობის დიდ ნაწილს. დღეს მე ბებია ძალიან მაკლია.
მახსოვს მამაჩემის დედა, რომელიც უარს არაფერზე მეუბნებოდა, მასწავლა უამრავი რამ, მათ შორის რუსული ენა, ნარდი, ლოტო, კარტის თამაში. არასდროს დამავიწყდება ყოველ საღამოს მუდამ გაპრიალებული ლამფის შუშის ფონზე როგორ ვთამაშობდით ერთად. ერთმანეთს დილა საღამოს ვეჯიბრებოდით ხოლმე ტანსაცმლის ჩაცმა-გახდაში, ყოველთვის ვიმარჯვებდი, 11 რაღაცის მორგებას ხომ დრო ჭირდებოდა… ყოველ დილით მახვედრებდა პამიდვრიან ერბოკვერცხს და ძილის წინ ჩემი საფირმო ფრაზით ვემშვიდობებოდი: “პამიდვრიან ერბოკვერცხამდე”… მახსოვს დიდი ბებიაც, რომელმაც ერთხელ ნახევარი სოფელი ფეხით გაიარა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის გატეხილი საქანელა შეეკეთებინა. გაითვალისწინეთ, მაშინ 90-ს მიტანებული, სიცოცხლით სავსე, მზრუნველი ქალი იყო. ერთხელ ბებიის ახლად შეძენილი ტანსაცმელი დაჭრა, თავი კი იმით იმართლა, რომ მარიამის თოჯინებს კაბები ჭირდებოდათ. არასდროს ამომივა თავიდან, როგორ დამიუთოვა ნიკოს პაციენტის მიერ ჩემი წიგნის პირველი დაჭმუჭნული გვერდი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ მეტირა და დავმშვიდებულიყავი. მისი ცხოვრების ბოლო წლებში კი ექიმობანას ვთამაშობდით, წელზე შემოვხვევდი ხელებს და ასე გულუბრყვილოდ მჯეროდა რომ გამოვაჯანმრთელებდი.
ვერანაირად ვერ დავივიწყებ ასევე ბიძაჩემს, რომელსაც ძალიან, ძალიან ვუყვარდი. ის გახლდათ უსაზღვროდ კეთილი, ჭკვიანი, განათლებული ადამიანი, ვახო ჩემს თვალში თითქმის ყოვლისშემძლე იყო, არ არსებობდა სახლში ტექნიკა, რისი შეკეთებასაც ვერ მოახერხებდა. მაგრამ ცხოვრება აღმოჩნდა საკმაოდ უსამართლო მის მიმართ… ყოველთვის მიხაროდა მისი ნახვა, მასთან ლაპარაკი და ჭადრაკის თამაში. მთელი სოფელს ესმოდა, როგორ ვკამათობდით, როცა ხვდებოდა, რომ აგებდა სვლებს მაბრუნებინებდა ხოლმე, თვითონ კი ამის უფლებას არ მაძლევდა. არ უყვარდა წაგება და რა ექნა…. ბოლოს მაინც დამარცხდა ოღონდ არა ჩემთან, არამედ ცხოვრებასთან ბრძოლაში…

ვიზრდებით, ვვითარდებით, რაც უდაოდ კარგია, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი. ამიტომ თხოვნა მექნება თქვენთან, ჩემთან, ყველასთან: არ დავივიწყოთ ბავშვობა, დავაფასოთ ისინი, ვინც ჩვენთვის იხარჯებოდა და ვისაც ვუყვარდით, პატივი უნდა ვცეთ. ამგვარად არასდროს დავკარგავთ წასრულთან მაკავშირებელ ხაზს და შესაბამისად საკუთარ თავსაც.

დედა

დედაჩემი გმირი ქალია… თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრს გაუძლო, ბევრი რამ გამოიარა და მაინც, ერთი შეხედვით, გარეგნულად არაფერი ემჩნევა. არაფერი რომ არ ვთქვა მის წარსულზე, ერთი ნამდვილად უნდა გამოვყო, ჩემნაირი რთული ბავშვის გაზრდასა და აღზრდას დიდი ენერგია, ნერვები და ძალისხმევა ჭირდება. ხანდახან ვუყურებ და მიკვირს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა ამდენი რამ დაიტიოს: სიყვარული, სილამაზე, სევდა, ტკივილი, მზრუნველობა, ნერვიულობა, განცდები და ემოციები… მისთვის შეუძლებელი, გადაულახავი პრობლება არ არსებობს. ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა, რა არის საჭირო იმისთვის რომ ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ხასიათის სიმტკიცე ბუნებრივ სილამაზესთან იმდენად ჰარმონიულადაა შერწყმული, ჩემთვის დაუჯერებელი და უბრალოდ აუხსნელია.
როგორც უკვე აღვნიშნე, მას ჩემს აღზრდასა და განათლებაში დიდი წვლილი მიუღძვის და ჩემი მხრიდან ამის დაუფასებლობა მარტივი უმადურობის გამოხატულება იქნება და მეტი არაფერი. მისი თავდაუზოგავი შრომა ჰქვია დღეს იმას, რასაც თქვენ როგორც მარიამს, ისე იცნობთ… დიდი არაფერიც არ ვარ, მაგრამ რაც დადებითი მაქვს ნამდვილად მისი დამსახურებაა. ერთხელ ისიც კი მაქვს ნათქვამი, რაშიც შემეჯიბრე ზუსტად მაგაში მოვიგე მეთქი, მაგრამ შემდეგ ჩემი ამხელა გულწრფელობა ძვირად დამიჯდა,თითქმის ყოველთვის მახსენებდა ამ სიტყვებს… “შენ არ იცი, რა ძნელია შვილის აღზრდა”….
დედას ერთ-ერთი თვისება ერთი შეხედვით მუდამ უკმაყოფილებაა, არა იმიტომ, რომ არაფერი მოსწონს, არა. უბრალოდ მისთვის “მჯობს მჯობი არ დაელევა”.
დედიკოს უნიკალური მახასიათებელია ადამიანებში, საგნებში, მოვლენებში მუდამ სილამაზის დანახვა. თითქოს მკაცრია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მგრძნობიარეც… წარმოიდგინეთ, 2-3 წლის ბავშვს მიკითხავდა ვაჟას… “პაწაწა ვარ, ობოლი” და უკვე ტირილს იწყებდა. მე კი შტერივით ვუყურებდი, გაოგნებული… კი ბატონო, მესმოდა მისი გასაჭირი, მაგრამ რას არ მივცემდი ოღონდაც მისი ცრემლები არ დამენახა, მისი ატირებული სახისთვის არ მეყურებინა. ვხვდები იმასაც, რომ ამით ჩემში სილამაზის აღქმის უნარის გაღვივებას ცდილობდა, მაგრამ იმას ალბათ ვერ აცნობიერებდა, რამდენად მტკივნეული იყო ეს ჩემთვის… უნდა ვაღიარო, ვერც იავნანას მიმღეროდა მთლად უემოციოდ. ალბათ ამიტომაცაა, დღემდე სულ რომ მეტირება, როცა ვუსმენ… ერთხელ 2 წლის რატიკოს ჩაეძინა ჩვენთან, დედა აუთვოებდა, საქმეს მოსწყდა, ბავშვი ხელში აიყვანა და ნახვერად თვალცრემლიანმა დაიწყო სიმღერა. ვაღიარებ, ოთახში ვერ გავჩერდი…
ქალბატონი ირმა, არნახულად მოწესრიგებული ადამიანია, ტყუილად არ მითქმავს გმირია მეთქი. სახლი ბრძოლის ველად რომ წარმოიდგინოთ, დედიკო ომის ვეტერანი იქნებოდა, თავისი განუყოფელი იარაღებით ასხმული: ცოცხი, აქანდაზი, იატაკის ჯოხი, მტვრის ტილო და ა.შ. ჩემი აყოლიება არც თუ ისე მარტივად გამოსდიოდა… ერთხელ მახსოვს, რამის მეხეწებოდა, მიდი მტვრები აწმინდეო, თავიდან მშვიდად ვცდილობდი თავი ამერიდებინა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე: მტვერი იმისთვის არსებობს, რომ იდოს, წარმოიდგინე, რომ არ იყოს, არც მისი შესაფერისი სიტყვა იქნებოდა მეთქი, აბა რა აზრი აქვს მის არარსებობას თუ მისი ამსახველი სიტყვა იარსებებს მეთქი… ამის მიუხედავად, მაინც ვერ ამცდა.
ძალიან უყვარს სახლის მორთვა, მით უმეტეს ახალ წელს, გადმოიღებს დასაკიდებელ მოსართავებს, უვლის მთელს სახლს და გახარებული დაგვდევს მე და ნიკოს, “ხომ ლამაზია?” თან გვეკითხება. შემოსასვლელში სარკის მოპირდაპირე მხარეს ზღვაზე შეგროვილი გახვრეტილი ქვები უკიდია. ერთხელ მეზობელ მემაწვნეს უკითხავს: “ირმა დეიდ, ე ქვები რითვინ გინდა?” ამ ამბავს გაოგნებული მიყვება, შენ არ იცი რა მითხარო. ვუსმენ, ვუსმენ და ბოლოს მეც ვერ შევიკავე თავი: “ისე, კაცმა რომ გკითხოს, მართლა რისთვის გინდა?” მისი განცვიფრებული სახის ნახვა ერთ რამედ ღირდა…

დღეს კი დედიკოს დაბადების დღეა. ქალბატონო დედა, გილოცავ ამ მშვენიერ დღეს და ერთადერთ რამეს გთხოვ: არასდროს შეიცვალო, იყავი მუდამ ისეთი, როგორიც ხარ. შენ ხარ ის, რაც ჩემთვის იდეალურ ქალს ნიშნავს. მიიღე ეს წერილი, როგორც ჩემი არსებობისათვის მადლიერების მწირი სიმბოლო… უზომოდ მიყვარხარ!

26.10.2014

ჩემი 20 დეკემბერი

ჩემთვის 20 დეკემბერი განსაკუთრებულია, ვიჩემებ და ალბათ ამიტომაც (დღე, რომელიც მე მეკუთვნის, დრო რომელსაც ვერ ვმართავ მაგრამ ჩემს განკარგულებაშია). შეიძლება ისიც იფიქროთ, ეს რა გასაჩენი იყოვო, მაგრამ რადგან ასე მოხდა, სხვა რა გზაა. ყველაზე ლამაზი დღეა მთელი წლის განმავლობაში… 

დროის ათვლა დაიწყო 1991 წლიდან. დღემდე ბოროტულად ვხუმრობ: “მართალია, ჩემს დაბადების დღეს შუშხუნები არ მოჰყოლია, მაგრამ სამოქალაქო ომის წინაპირობა კი ნამდვილად ვარ”- მეთქი. 

იყო რამდენიმე აღსანიშნავი დაბადების დღე. მაგალითად, ერთი, როდესაც მოსალოცად მოსულმა თითქმის ყველა სტუმარმა საჩუქრად თბილი ჯემპრი მომიტანა. თავიდან მიხაროდა, ბოლოს კი შევღონდი და უკანასკნელ ამგვარ საჩუქარზე ჩემი უაღრესი უკმაყოფილება ვერ დავმალე: “რა არი, რა უბედურებაა, დავიჯერო ჯემპრის გარდა სხვა არაფრის მოფიქრება არ შეიძლება?!” ზოგმა ამაზე ბევრი იცინა, დედაჩემმა, რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი გამცა…. 

ერთ წელს მახსოვს, ბებიის დაბადების დღეზე, რომელიც აგვისტოშია, დედამ 2 სართულიანი უგემრიელესი ტორტი გამოაცხო. ძალიან მომეწონა და მეც მომინდა ასეთი მქონოდა. აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით დედას ამის მეტს არაფერს ვეხვეწებოდი. ერთიც ვნახოთ და მოვიდა ნანატრი დღე, შემისრულა დედიკომ დაპირებული ტორტი, თან როგორც მახსოვს, მასალა დარჩა და 2-ის ნაცვლად 3 სართულიანი უგემრიელესობა შეიქმნა. მაგრამ რათ გინდა, ზუსტად იმ დროს ვიყავი ცუდად, ალბათ კუჭზე მჭირდა რაღაც, მოკლედ არ მეჭმებოდა… ბევრი ვიხვეწე ერთი ნაჭერი მაინც შემახვედრეთ მეთქი, თავიდან მწარე უარზე იდგნენ. ბოლოს ჩემმა ძლევამოსილმა ცრემლებმა მიშველეს და ზუსტად ერთი ნაჭერი გამასინჯეს. ჩემს ბედნიერბას საზღვარი არ ჰქონდა (იმ თავიდან უზომოდ მსუნაგი ვიყავი, მსუნაგთან ერთად მიზანდასახულიც და არნახულად ჯიუტიც). 

ერთხელ მახსოვს მგონი 9 თუ 10-ის უნდა გავმხდარიყავი. როგორც უწინ იცოდნენ ხოლმე ბავშების დაბადების დღეზე უფროსები უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე პატარები. მაშინაც ასე მოხდა. შუა მისაღებში ერთი დიიიდი, გრძელი მაგიდა გაიშალა, გაიშალა კი არა დამძიმდა… სტუმრებიც ბევრნი იყვნენ. რა თქმა უნდა, მაგიდას არც მიმაკარეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ აშკარად ძალიან მჭირდებოდა ხსენებული ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში მოხვედრა. კარგად დავზვერე სიტუაცია, მცირეოდენი ანალიზის შემდეგ დავადგინე, რომ ერთი მხარე, სადაც აურზაური და ქაოსი ტრიალებდა, საშიში იყო და გარისკვად არც ღირდა. სამაგიეროდ მეორე მხარე ჩანდა შედარებით უსაფრთხო. ბევრი არც მიფიქრია, დავადექი არჩეულ გზას, რომელიც კედელსა და მაგიდას მიდგმულ სკამებს შორის უნდა გამევლო. სკამებზე კი პატივცემული სტუმრები ისხდნენ… გავიარე ერთი დაბრკოლება, მეორე, მესამე დაა მივადექი სკამს, რომელზეც იმ დროინდელი გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ცხონებული მთავარი ექიმი იჯდა. საკმაოდ სრული პიროვნება გახლდათ. ცოტა კი შემეშინდა მაგრამ მაინც გავბედე, გავბედე და იმ წამსვე ვინანე. გავიჭედე კედელსა და ამ პიროვნებას შორის (არ დამძრახოთ, აღარაა ცოცხალი და ცუდს არც არაფერს ვამბობ). ვინანე, მაგრამ რას ვიზამდი, ნამდვილად ვერ შევაწუხებდი, მრცხვენოდა. არც ის მინდოდა ჩემი ნეკნების ტანჯვა დიდხანს გაგრძელებულიყო. არავინაც არ მაქცევდა ყურადღებას, ანდა რას დამინახავდნენ… მოკლედ ვდგავარ ასე, გასაჭირში, შველა არსაიდან არ ჩანს. ერთი პერიოდი იმასაც ვშიშობდი, ოღონდაც ამ კაცმა ადგომა და სკამის კედელთან მიდგმა არ გადაწვიტოს მეთქი (სახინკლე ცომივით ავბრტყელდებოდი და მაგიტომ)… ჩემი ჭკუით ამ ადამიანის მაგიდასთან მიახლოებას ვცდილობ, მაგრამ აბა რას ვიზამდი… არადა ნეკნებიც როგორ უმოწყალოდ მტკივა… რა მექნა, საკუთარ თავს მე თუ არ ვუშველიდი, სხვა რატომ გადამყვებოდა. ხოდა დავიძახეე: “მიშველეთ! გავიჭედე!”… უცებ სუფრაზე სიცოცხლე შეწყდა, გაოცებულები აქეთ-იქით იყურებოდნენ. ბოლოს ვიღაცამ შემამჩნია… რაც მაშინ იმათ იცინეს… აბა ერთი ჩემი გულ-მუცლისთვის გეკითხათ, რამდენად იყო სიტუაცია სასაცილო… ბოლოს, როგორც იქნა გაჭდილი მაროს ნეკნები სამშვიდობოზე გაუშვეს… უბედნიერესი ბავშვი ვიყავი….

ზოგადადაც უბედნიერესი ბავშვობა მქონდა… რაღაც-რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით, რისი აქ დაწერაც ნამდვილად არ მინდა…

ასეა თუ ისე, ჩემს ყოველ დაბადების დღეზე არანომალურად ბედნიერი ვარ ხოლმე. ასე იყო წელსაც, შარშანაც, შარშანწინაც და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც…

ორნი, ორი ერთში, ან უბრალოდ ერთი

ცოტა კი დამიგვიანდა ამის დაწერა მაგრამ მაინც… ვწვალობ ისევ და ისევ მხოლოდ ჩემთვის, ანუ ის, რაც შეიქმნება, არანაირ კრიტიკას არ საჭიროებს. უბრალოდ მიყვარს და მეტი არაფერი..

ძნელია წერო იმაზე, რაც უკვე იყო და ახლა ამ წუთას მისგან მხოლოდ მოგონებაღა დარჩა. საერთოდ, როცა რამე მოგივა თავში, მაშინვე აიღე კალამი და გადმოიტანე ფურცელზე. მაგრამ ერთი კი იცოდე, რაც გამოვა, რეალურად ჩანაფიქრს არ გავს, მისი ასლი უფროა, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ გამკიცხავთ იმის გამო, რომ რასაც წაიკითხავთ, ზუსტად მასე არ მომხდარა… უბრალოდ ეცადეთ.

  •  

ღამეა, წევხარ ლოგინში და არ გეძინება, გარეთ სრული სიმშივდეა, ცას ვინსენტის სილურჯე ეტყობა თავისი ყვეთელი მოციმციმე წერტილებით. გიხარია, იღიმები და წოლისგან მარცხენა თვალიდან რბილი, თბილი ცრემლი მოგდის. არაფერზე არ დარდობ და გასცქერი გარეთ ლამპიონს, რომელიც ხან ქრება და ხანაც ინთება. აი კიდევ ჩაქრა… ცა უფრო ჩალურჯდა და გაგეცინა. გაიფიქრე: ნეტა რამხელაა ცა? მაგრამ პასუხს არ დაელოდე და გააგრძელე სასიამოვნო ღიმილი.

სიმშვიდეა და გიხარია, რომ ბედნიერი ხარ და ამ წუთას არაფერი არ გაქვს სადარდებელი. შენს თავში მოდიან აზრები, ფიქრები, დაცურავ და იღიმები. რაც მთავარია, არ გეძინება და არც იმას დარდობ, ფრთები რატომ არ გაქვს; შენ ხომ უკვე დაფრინავ, დაფრინავ და ბედნიერების სიო მოგყვება უკან.

რას დაარქმევ ამას? მე გეტყვი… შენ შენს სულს ჩასწვდი, აღმოაჩინე. აი რა გაღიმებს და რა გატირებს. მდგომარეობა შემდეგია: მოწყვეტილი ხარ რუტინას, ბედნიერი, განმარტოვებული, მშვიდი, აუღელვებელი, მომღიმარი. ხელს გიწყობს ცაც, რომელიც შენ ზემოთ არის და თითქოს გიხმობს კიდეც, უბრალოდ წევხარ და არანაირი უარყოფითი აზრი არ გაწუხებს და საერთოდაც, არსებობს კი რამე ცუდი? მე გიპასუხებ: არა!!! ეს უბრალოდ ხალხმა მოიგონა, ხალხმა რომელიც ვერ მიხვდა, რომ თურმე ბედნიერბა აქაც კი ყოფილა თურმე შესაძლებელი. ისინი შენ ვერც გაგიგებენ და არც არის საჭირო. შენ დაიჭირე ზუსტად ის მომენტი რისთვისაც ღირდა ცხოვრება და აი რატომ ხარ სახეგაბადრული. ყველა ნორმის გათვალისწინებით, შენ ახლა უნდა გეძინოს, მაგრამ არა! შენ ხარ ის ვინც ნორმიდან გადახრაა, იმ ნორმიდან, რომელსაც ადგენენ ერთი შეხედვით შენნაირები, პიროვნებები, რომლებსაც მუდამ სადღაც ეჩქარებათ. აბა ჰკითხე, დაფიქრებულან კი რა არის ცხოვრება და ამ ცხოვრებაში მათი მიზანი?! გიპასუხებენ: ოჯახი, კარიერა, მომავალი… შენ არ შეშინდები იმიტომ რომ ახლა ამ წუთას ხარ სული, რომელმაც გაიღვიძა შუა ღამისას და სხეულს თავისი არსებობა აგრძნობინა. აი, რა ხარ შენ!

იყავი ბედნიერი, მეც მიხარია…

მაგრამ შენ ხომ ადამიანიც ხარ ამავე დროს, ორსახოვანი: მფრინავი და მოსიარულე,  მიზიდულობა გექაჩება დაბლა, მაგრამ შენ ამ წუთას მასზე იმარჯვებ და ცდილობ გასცდე ამ ხეს, რომელიც შემოეხვია შენს აზრებს და ირწევა მშვიდად, ნაზად და თითქოს გამიზნულადაც.

შენ არ შედრკები, შენთვის არ არსებობს საზღვრები, წესები… მოდი, დავფიქრდეთ, ვის ჭირდება გისოსები, როგორც სამანი და სიტყვები, წინადადებები, როგორც ადათები? მათ ვისიც გეშინია, რომ ცუდ გზას დაადგება, მათ, ვინც დარწმუნებული ხარ, რომ აუხვევს ამ გზას. იცი რატომ? იმიტომ, რომ უმიზეზოდ არც არაფერი არ იქმნება. აი სწორედ ამიტომ! შენ ხომ ეს არ გჭირდება, შენ ხორცზე მეტი ხარ, შენ ხარ ხელშეუხებელი და აი რა განიჭებს დიდებას, უპირატესობას და მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემში გიპოვე. და აჰა, მე გაძლევ შენ თავისუფლებას, მმართე ისე, როგორც გინდა და ვიცი, გინდა მხოლოდ კარგად. ცუდი ხომ კარგის ნაკლებობაა, შენ კი ყველაფერი გაქვს, არაფერი გაკლია. იფრინე მიდი! კიდევ ერთხელ გიმეორებ: არ გჭირდება საზღვრები და წესები, რადგან შენთვის მათი არსებობა ზედმეტია. არ გადაუხვევ სიკეთის და ბედნიერების გზას! შენში ეს არ დევს და მე მიხარია, კვლავაც გავიმეორებ და არასდროს არ დავიღლები ამაზე ლაპარაკით! მე იმ ღამეს აღმოგაჩინე, როდესაც არ მეძინებოდა. ცოტა გრილოდა და მე უცებ დავფიქრდი: რა სასიამოვნო საღამოა, გავხედე ცას და აი უცებ ცრემლიც გადმომვარდა. ეს ნიშანი იყო ზემოდან, ნიშანი, რამაც გამაბედნიერა კი არადა, გაგვაბედნიერა!

მაპატიე, ალბათ არც უნდა ვწერდე, მეშინია რამე არ დავამახინჯო, იმ მარტივი და ამასთანავე ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, რომ შექმნილი ჩანაფიქრს არ ჰგავს. მაგრამ არსებობს შენში, ჩვენში… არ არსებობს ისეთი ფერები, სიტყვები, წინადადებები და სურათები, რაც ჩემში ტრიალებს და ზოგჯერ ამიტომაც მიჭირს იმის თქმა, რაც მინდა, ამიტომ არის, რომ ვერ მიგებს ხალხი, ყოველდღიური, არაუჩვეულო.

დიახ! მე მგონია, ვარ განსხვავებული. დიახაც ჩემში სული ვიპოვე და მიხარია, ვიპოვე ბედნიერების, სიხარულის წყარო, რომელიც ჩემ შიგნით ყოფილა. სულ ახლოს…

დარწმუნებული ვარ, ვერ გაიგებ იმას, რისი თქმაც რეალურად მინდოდა, მაგრამ არაუშავს, უბრალოდ გეტყვი, რომ ვინც ხარ, ვინც არ უნდა კითხულობდე ამას, როგორც ხარ, სადაც ხარ და რასაც არ უნდა ფიქრობდე, მე შენ ძალიან მიყვარხარ! რატომ? იმიტომ, რომ მე მხოლოდ სიყვარული შემიძლია!

მე შენ მიყვარხარ. . .